12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. კითხვები, რაც ყველაზე ხშირად ისმის, შეეხება გურამის თურქეთში ყოფნის პერიოდს და მამას. რა მოხდა თურქეთში, საიდანაც გურამი დაბრუნდა და სად არის მამა? - ამის შესახებ გურამ დადიანიძის დედამ სოფო ბაბილაშვილმა პოდკასტში "შენი ამბავი თაიასთან" ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, თურქეთში, სოფოს საცხოვრებელ სახლთან მათი მეზობელი, ეროვნებით ქართველი ემიგრანტი ცუდად გახდა და დაიღუპა. ამას შეესწრო გურამიც.
"ვინ ჩააკვდა ხელში თურქეთში" - ეს კითხვა კომენტარებშიც ბევრჯერ დაწერილა, რაზეც სოფო ბაბილაშვილმა დეტალურად ისაუბრა და გამორიცხა, რომ გურამის დაკაგვასთან ეს ფაქტი რაიმე კავშირში იყოს.
"ბინის პატრონმა დამირეკა და მითხრა, რომ სახლი, ბინა და მთლიანი კორპუსი იჩხრიკებოდა. იმ წუთშივე გავიფიქრე, რომ ვიზა არ მქონდა. როდესაც მივედი,ბინა რომ გავაღე, მივიხედ-მოვიხედე – ბავშვი (გურამი) იქ არ იყო. თავიდან მეც გამიკვირდა, სად იყო. თურქებს ქართული არ ესმოდათ და ქართველებმა მითხრეს, რომ რადგან ვიზა არ ჰქონდა, გარეთ იყო გასული და გარედან გვიყურებდა. ჩემი ბინის წინ ჩვეულებრივად კამერა იყო. იქ ყველგან კამერებია, ვერავის ვერაფერს მოატყუებ.
ეს პიროვნება ჩემთვის უცხო არ იყო – ჩემი გვერდით სოფლიდანაა, ძალიან კარგი ოჯახიდან და ვიცნობდი. სახლის ჩხრეკა დაიწყეს. ჯერ არ ვიცოდი, რა საფუძველი იყო, მეგონა საბუთების გამო. სახლში არაფერი აღმოჩნდა, გარდა იმ კუთხისა, სადაც სანთელი, ხატი, ჩემი პასპორტი, გურამის გაფუჭებული პასპორტი და მინდობილობა მედო.
პასპორტი მომთხოვეს გვარ-სახელის შესაყვანად. სახელი და გვარი რომ შეიყვანეს და შემომხედეს, მიხვდნენ, რომ ცხრა წლის გაფუჭებული საბუთები მქონდა. გაკვირვებულები მიყურებდნენ – ცხრა წლის მანძილზე არც დაკავებული ვყოფილვარ და არც არსად ვფიქსირდებოდი.
როდესაც მეორე პასპორტიც, ჩემი შვილის, დაინახეს, პოლიციამ მითხრა: „კარგით, წამობრძანდით, იქ გაარკვევენ, პოლიციაში ხელი უნდა მოაწეროთო“.
პოლიციაში რომ მივედი, რა თქმა უნდა, ბავშვზე ვდარდობდი.იქ გავიგე, რომ ჩემი ბინის წინ ბიჭი დაიღუპა.
როდესაც გარდაცვლილი ადამიანი მაჩვენეს, მაშინვე ამოვიცანი – ეს იყო გია (ჩემი მულის კლასელი). პიროვნება, რომელიც ცუდად გახდა, მაღლიდან დაუწყია და დაბლამდე ჩამოჰყოლია კარის სახელურებს. ამასობაში გურიკასაც გაუგია ყვირილის ხმა: „კოვზი გამოიტანეთო!“ ზოგი ქართველი ყვიროდა. გურიკა იმდენად დაბნეულიყო, რომ ხის კოვზი ეჭირა. ვიდეოს ჩვენება მოვითხოვე და მართლაც გამოჩნდა ხის კოვზით.
უბრალოდ მაინტერესებს, ჩემი გურიკას დაკარგვა უნდათ, რომ ამ მიცვალებულს და მიცვალებულის დას დააბრალონ? ის ხალხი ჩემს გურიკასთან არაფერ შუაში არ არის. გურამის დაკარგვასთან დურული ნინო და გია აქ არაფერ შუაში არ არიან. ამას ვიტყვი და კიდევ გავიმეორებ
ჩემი შვილის დაკარგვასთან ეს ამბავი და გარდაცვლილი პიროვნება, გია, არანაირ კავშირში არ არის! გურამის გაქრობასა და ამ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. გია, რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ იტყვის, იმიტომ რომ მიცვალებულია, მაგრამ და ხომ არსებობს, ოჯახი არსებობს, რა თქმა უნდა, ექნებათ ექსპერტიზის დასკვნაც, რით დაიღუპა გია. გურიკას გარდა 100 ადამიანი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს. " - ამბობს სოფო ბაბილაშვილი. მისივე თქმით, იმ ამბის შემდეგ გურიკას კიდევ 8 დღე მოუწია თურქეთში მარტტო დარჩენა, ვინაიდან საბუთების გამო თავად მეორე დღესვე წამოვიდა. მოგვიანებით კი გურამიც ჩამოიყვანეს, რის შემდეგაც ის მამამ თავისთან წაიყვანა.
"ეს რვა დღე ამხანაგებთან იყო. არაფერი ისეთი განსაკუთრებული, სახიფათო არ მომხდარა. ძალიან მშიშარა იყო. იქ რომ მარტო დარჩებოდა და საბუთები გაფუჭებული ჰქონდა, გურიკა, თავისთავად, განერვიულდებოდა და შეეშინდებოდა, მაგრამ აქედან ვურეკავდით," - ამბობს სოფო. მისი თქმით, ჩამოსვლის შემდეგ მამამ წაიყვანა ბავშვი. შემდეგ კი მამიდის ქმართან დაიწყო მუშაობა სამზარეულოში და ძალიან კმაყოფილი იყო ამით.
" ჩემი წარსული ან მამასთან გაშორება, არანაირ კავშირში არ არის გურიკას გაქრობასთან. მამას ვიცი, რომ ძალიან აწუხებს გული, მაგრამ რატომ არ გამოდის კონტაქტზე და რატომ არ გამოდის ტელევიზიით, ეგ ნამდვილად არ ვიცი," - ამბობს სოფო და იხსენებს, რომ თურქეთში ჩასვლისას გურამმა უთხრა, რომ მამაზე ნაწყენი იყო.
"მამასო დაქორწინება უნდაო და ვერ ვაპატიებო. ვუთხარიო მამასო, რომ დედა რომ გათხოვდეს, ვაპატიებო და შენ არ გაპატიებო... ისეთი არაფერი არ იყო მის ცხოვრებაში, რაც იმაზე გვაფიქრებინებს, რომ გაქცევა და დამალვა სდომოდა. ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ან მე ან მამისს სახლიდან გაექცეოდა" - ამბობს სოფო ბაბილაშვილი. გადაცემაში ითქვა ისიც, რომ მამამ გაითვალისწინა შვილის თხოვნა და არ დაქორწინებულა.