პირველკურსელების 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა - რა არ უნდა გააკეთოთ უნივერსიტეტის პირველივე სემესტრში - მშობლები

პირველკურსელების 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა - რა არ უნდა გააკეთოთ უნივერსიტეტის პირველივე სემესტრში

2026-09-07 13:09:33+04:00

უნივერსიტეტში ჩარიცხვა ბევრი ახალგაზრდისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისია. პირველი ლექციები, ახალი გარემო, ახალი მეგობრები და გაცილებით მეტი თავისუფლება შეიძლება, სასიამოვნო ცვლილებად ჩანდეს, თუმცა ამ თავისუფლებას პასუხისმგებლობაც ახლავს.

სკოლისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში გაცილებით ნაკლებად შეგახსენებენ, რომ დავალება გაქვთ აუცილებლად შესასრულებელი ან გამოცდისთვის კარგად უნდა მოემზადოთ. ეს საკითხები, უფრო მეტად, სტუდენტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და თავად შეუძლიათ, აირჩიონ, რამდენ დავალებას შეასრულებენ. სწორედ ამიტომ, პირველ სემესტრში დაშვებული ზოგიერთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომა მოგვიანებით სერიოზულ პრობლემად შეიძლება, გადაიქცეს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა შეცდომებს უშვებენ პირველკურსელები ყველაზე ხშირად და როგორ შეიძლება, მათი თავიდან აცილება:

1. ყველაფრის ბოლო დღისთვის გადადება

"ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს", "გვიან დავწერ", "ლექციის დაწყებამდე 10 წუთშიც მოვასწრებ" - ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფრაზებია პირველკურსელისთვის.

დავალების ჩაბარების ვადა შეიძლება, რამდენიმე კვირით ადრე იყოს ცნობილი, მაგრამ სტუდენტი მის შესრულებას ბოლო დღემდე არ გადაწყვეტს. თავიდან ეს პრობლემა არ ჩანს, თუმცა რამდენიმე საგანში მსგავსი მიდგომა სწრაფად ქმნის ქაოსს: ერთ დღეს შეიძლება, რამდენიმე დავალება, პრეზენტაცია ან შუალედური გამოცდისთვის მომზადება დაგროვდეს.

რაც მთავარია, პრობლემა მხოლოდ სტრესში არ არის. ბოლო წუთს შესრულებული დავალება ხშირად ხარისხობრივადაც ჩამოუვარდება იმ ნამუშევარს, რომლისთვისაც სტუდენტმა დრო წინასწარ გამოყო.როგორც კი დავალებას მიიღებთ, ჩაინიშნეთ არა მხოლოდ საბოლოო ვადა, არამედ საკუთარი "შიდა" ვადაც - მაგალითად, ჩასაბარებელ თარიღამდე 2-3 დღით ადრე. ასე მოულოდნელი პრობლემა, ინტერნეტის გათიშვა ან სხვა საგნის დავალება მთელ გეგმას აღარ აგირევთ.

უნივერსიტეტის სასწავლო რესურსებიც სწორედ ორგანიზებულობასა და თითოეული კურსისთვის საჭირო დროის წინასწარ განსაზღვრას უსვამს ხაზს.

2. ლექციების გაცდენა მხოლოდ იმიტომ, რომ "დასწრება არ არის სავალდებულო"

პირველკურსელებს ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ თუ ლექციაზე დასწრება პირდაპირ არ მოქმედებს შეფასებაზე, მისი გამოტოვება პრობლემას არ წარმოადგენს.

სინამდვილეში, ერთი ლექციის გაცდენა შეიძლება, მართლაც არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ რეგულარული გაცდენა უკვე სხვა საკითხია. ხშირ შემთხვევაში, ეს ჩვევადაც ყალიბდება და ბევრი სტუდენტი მომდევნო სემესტრების განმავლობაშიც ვეღარ ახერხებს განრიგის დაბრუნებას.

ლექციაზე სტუდენტი მხოლოდ მასალას კი არ ისმენს, ის იგებს, რა არის ლექტორისთვის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა შეასრულოს დავალება, რა ტიპის კითხვები შეიძლება, შეხვდეს შუალედურზე ან დასკვნით გამოცდაზე და რა თემებზე კეთდება დამატებითი აქცენტი.

ამასთან, გაცდენებთან დაკავშირებული კონკრეტული წესები უნივერსიტეტისა და კურსის მიხედვით შეიძლება, განსხვავდებოდეს. ამიტომ, პირველივე კვირებში აუცილებელია თითოეული საგნის სილაბუსისა და შეფასების წესების გაცნობა.

3. არ ეცნობიან სილაბუსს

პირველკურსელისთვის სილაბუსი შეიძლება, უბრალოდ კიდევ ერთი დოკუმენტი იყოს, რომელსაც ლექტორი სემესტრის დასაწყისში აგზავნის. სინამდვილეში, ის ერთგვარი "რუკა" და გზამკვლევია, რომელიც გეუბნებათ, როგორ ჩაივლის მთელი კურსი.

სილაბუსში შეიძლება, ეწეროს:

  • როგორ ნაწილდება შეფასება;
  • რამდენი ქულა მოდის შუალედურ და საბოლოო გამოცდებზე;
  • რა ტიპის დავალებები უნდა შეასრულოთ;
  • რა ვადებში უნდა ჩააბაროთ ნამუშევრები;
  • როგორია კურსის მოთხოვნები;
  • რა წესები მოქმედებს გაცდენის შემთხვევაში.

თუ სტუდენტმა ეს ინფორმაცია თავიდანვე არ იცის, შესაძლოა, მთელი სემესტრი არასწორი მოლოდინით გაატაროს.

თითოეული კურსის სილაბუსს გაეცანით და გაურკვეველი საკითხების შემთხვევაში, ლექტორს დროულად დაუსვით კითხვა.

4. ჰგონიათ, რომ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე ყველაფერს ისწავლიან

სკოლაში ნასწავლი მასალის სწრაფად გამეორება ზოგჯერ მართლაც შესაძლებელია. უნივერსიტეტში კი საგნების რაოდენობა, მასალის მოცულობა და სირთულე შეიძლება, ამის საშუალებას აღარ იძლეოდეს.

განსაკუთრებით პრობლემურია მიდგომა: "ჯერ სემესტრი გავიდეს და გამოცდამდე ვისწავლი".

თუ მთელი სემესტრის განმავლობაში მასალას საერთოდ არ გადახედავთ, გამოცდის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი მოცულობის ინფორმაციის ათვისება გაცილებით რთული იქნება.

უფრო ეფექტურია მასალის პერიოდული გამეორება: ლექციის შემდეგ გადახედვა, მნიშვნელოვანი საკითხების მონიშვნა და გამოცდამდე ეტაპობრივად მომზადება. სწავლის სტრატეგიებში სწორედ მასალის წინასწარ გაცნობას, ლექციაზე აქტიურ მონაწილეობასა და შემდეგ განმტკიცებას ურჩევენ სტუდენტებს.

5. ერიდებათ იმამზე საუბარი, რაც ვერ გაიგეს და კითხვის დასმის შიში აქვთ

"სხვებმა გაიგეს და მე რატომ ვერ გავიგე?" - ეს დამოკიდებულება პირველკურსელებში საკმაოდ გავრცელებულია.

შედეგად, შეიძლება მთელი სემესტრი ისე გავიდეს, რომ სტუდენტმა კონკრეტული საკითხი ვერ გაიგოს და შემდეგ უფრო რთულ თემებშიც ჩამორჩეს.

ლექტორისთვის კითხვის დასმა სისუსტე არ არის. პირიქით, განსაკუთრებით პირველ კურსზე მნიშვნელოვანია, სტუდენტმა ისწავლოს აკადემიურ გარემოში კომუნიკაცია.

თუ დავალების პირობა ვერ გაიგეთ, არ ხართ დარწმუნებული მოთხოვნებში ან კონკრეტული თემა გაუგებარია, უმჯობესია, კითხვა დროულად დასვათ, ვიდრე გამოცდის წინ აღმოაჩინოთ, რომ მთელი მიმართულება არასწორად გქონდათ გაგებული.

6. მხოლოდ ლექტორის მიერ გამოგზავნილი მასალის იმედად ყოფნა

ზოგი პირველკურსელი ფიქრობს, რომ თუ ლექტორმა პრეზენტაცია ატვირთა, გამოცდისთვის მხოლოდ მისი წაკითხვა იქნება საკმარისი. ეს ყველა საგანში ასე არ არის.

ლექტორის მიერ მოწოდებული მასალა შეიძლება, მხოლოდ ძირითადი საკითხების მიმანიშნებელი იყოს. დამატებით შეიძლება, დაგჭირდეთ სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატია, რეკომენდებული ლიტერატურა ან სხვა წყარო.

უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი სწორედ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებაა.

ამასთან, დამოუკიდებელი ძიება არ ნიშნავს ინტერნეტში პირველი ნაპოვნი ტექსტის კოპირებას. აკადემიურ გარემოში წყაროს სანდოობის შეფასება და ციტირების წესების დაცვაც მნიშვნელოვანია.

7. ყველა დავალების ხელოვნური ინტელექტით შესრულება

პირველ კურსზე სტუდენტს შეიძლება, გაუჩნდეს ცდუნება, ინტერნეტში ნაპოვნი ტექსტი პირდაპირ გამოიყენოს ან სხვისი ნამუშევარი საკუთარი სახელით ჩააბაროს.

ეს განსაკუთრებით ცუდი ჩვევაა, რადგან უნივერსიტეტის დავალების მიზანი მხოლოდ ქულის მიღება არ არის - სტუდენტმა საკუთარი ცოდნა და აზროვნება უნდა აჩვენოს.

სხვისი ნამუშევრის გამოყენება შესაბამისი მითითების გარეშე აკადემიური კეთილსინდისიერების პრობლემას ქმნის. ამიტომ, თუ იყენებთ სხვის იდეას, ციტატას ან წყაროს, უნდა იცოდეთ, როგორ მიუთითოთ იგი კონკრეტული უნივერსიტეტისა და საგნის მოთხოვნების შესაბამისად.

გარდა ამისა, ნუ გადაწყვეტთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტის კოპირებას. ჯერ ერთი, აკადემიურ სივრცეში, რა თქმა უნდა, ცნობენ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ტექსტებს და ამან შესაძლოა, პირდაპირი გავლენა იქონიოს შეფასებაზე, მეორეც, ტექსტის სრულიად გაუაზრებლად გადმოტანამ შესაძლოა, საკითხის გაგებაში ხელი შეგიშალოთ.

8. მხოლოდ ქულაზე ფიქრი და არა ცოდნის შეძენაზე

"რამდენი ქულა დამაკლდება?" - ეს კითხვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უნივერსიტეტის მიზანი მხოლოდ ქულების დაგროვება არ არის.

პირველკურსელმა შეიძლება, დაიწყოს იმის გამოთვლა, რომელ დავალებაში რამდენი ქულის აღებაა შესაძლებელი და სად შეიძლება, ნაკლები ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღება. ასეთი მიდგომა მოკლევადიანად შეიძლება მუშაობდეს, თუმცა საბოლოოდ სტუდენტი შესაძლოა საგანი უბრალოდ "გაიაროს" და რეალურად ვერ აითვისოს.

განსაკუთრებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, კომპიუტერულ მეცნიერებებზე საკითხების გამოტოვება ავტომატურად შეიძლება, პროგრამასთან ჩამორჩენას ნიშნავდეს.

9. ან მხოლოდ სწავლაზე ან მხოლოდ გართობა

უნივერსიტეტში თავისუფლების გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ცვლილებაა. ახალი მეგობრები, ღონისძიებები, სტუდენტური კლუბები და სხვა აქტივობები მნიშვნელოვანია და პირველკურსელმა ეს შესაძლებლობა ნამდვილად უნდა გამოიყენოს. გაწევრიანდეს სხვადასხვა კლუბში, მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში და დრო სასიამოვნოდ გაატაროს.

მაგრამ, საპირისპირო მიმართულებაც პრობლემურია.

თუ პირველი სემესტრი მთლიანად გართობას დაეთმო და სწავლა მუდმივად "ხვალისთვის" გადაიდო, დაგროვილი საქმეების გამოსწორება შეიძლება, ძალიან რთული გახდეს.

სწორი მიდგომა ბალანსია - წინასწარ განსაზღვრეთ სწავლის დრო და შემდეგ დაგეგმეთ თავისუფალი პერიოდიც.

გახსოვდეთ, თუ რომელიმე ისეთი საგანი დაგრჩებათ (ვერ ჩააბარებთ), რომელიც სხვა საგნის წინაპირობაა, მეორე საგანსაც ავტომატურად ვერ გაივლით. ეს კრედიტების დაგროვების კუთხით პრობლემას შეგიქმნით, დამატებითი ფინანსური რესურსის გაღება მოგიწევთ და შესაძლოა, სწავლაც ვერ დაასრულოთ დაგეგმილ დროში.

10. პრობლემის მოგვარებას გადადებენ უსასრულოდ და დახმარებას ითხოვენ ძალიან გვიან

ეს შეიძლება პირველკურსელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყოს.

სტუდენტს შეიძლება, გაუჭირდეს კონკრეტული საგანი, ვერ მოასწროს დავალება, გაუჩნდეს პრობლემა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ან ვერ გაიგოს უნივერსიტეტის რომელიმე პროცედურა და გადაწყვიტოს, რომ "თავად როგორმე მოაგვარებს". რამდენიმე კვირის შემდეგ კი პრობლემა შეიძლება, გაცილებით რთული აღმოჩნდეს.

უნივერსიტეტში არსებობს ლექტორი, აკადემიური მრჩეველი, ადმინისტრაცია და სხვა სტუდენტური რესურსები სწორედ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, დახმარება მიიღოთ. ახალ სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტი სპეციალურად აცნობს ამ რესურსებსა და საკონსულტაციო შესაძლებლობებს. რაც უფრო ადრე ითხოვთ დახმარებას, მით უფრო მეტი შანსია, რომ საკითხი მარტივად მოგვარდეს.

თუ მაგალითად, ქულასთან გაქვთ პრობლემა, მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებით, ბაზების დახურვის შემდეგ, ამ საკითხის გაჟღერება და მისი მოგვარება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე პირველ ეტაპზე.

ასევე, გირჩევთ, აუცილებლად დარწმუნდეთ, საგნების არჩევისას, ჩასმული გაქვთ თუ არა იმ სემესტრის სავალდებულოდ გასავლელი საგნები, რამდენ კრედიტიანია თითოეული მათგანი, რომელი საგნის გახსნის წინაპირობაა და ასე შემდეგ. ასე დამატებით პრობლემებს თავიდან აირიდებთ.

თუ ამ საკითხებს პირველივე სემესტრში გაითვალისწინებთ, მომავალ წლებში გაცილებით ნაკლები სტრესით და მეტი თავდაჯერებულობით გააგრძელებთ სწავლას.

თამარ იაკობაშვილი

როდის შეძლებენ პირველკურსელები სტუდენტური ბარათის აღებას და სად რა შეღავათით ისარგებლებენ - რა უნდა იცოდნენ პირველკურსელებმა
პირველი დღე უნივერსიტეტში: 10 რამ, რაც პირველკურსელმა სწავლის დაწყებისთანავე უნდა გადაამოწმოს
რა საბუთებს ითხოვენ უნივერსიტეტები პირველკურსელთა რეგისტრაციის დროს
რა უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხებით - პირველკურსელის გზამკვლევი