5 მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოზარდს აუცილებლად უნდა განუვითარდეს: "ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ამას საუბრით მოახერხებთ" - მშობლები

5 მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოზარდს აუცილებლად უნდა განუვითარდეს: "ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ამას საუბრით მოახერხებთ"

2026-09-30 23:16:35+04:00

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ე.წ. მოქნილ უნარებზე, რომლებიც ადამიანს ემოციების მართვაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და დამოუკიდებლად მოქმედებაში ეხმარება. ამ უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვი თანდათან უფრო დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადადის.

12-15 წლის მოზარდს უკვე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი აზრის დაცვა, დაგეგმვა, პასუხისმგებლობის აღება და იმის გააზრება, რა სურს სწავლისა და ცხოვრებისგან. უფროსის როლიც უნდა შეიცვალოს: ნაკლები გააკეთოს ბავშვის ნაცვლად და მეტი შესაძლებლობა მისცეს, თავად სცადოს.

1. ემოციებისა და საკუთარი მდგომარეობის მართვა

მოზარდი შეიძლება უმნიშვნელო მიზეზის გამო გაბრაზდეს, კარი გაიჯახუნოს, საუბარზე უარი თქვას, ცოტა ხნის შემდეგ კი ჩვეულებრივ განაგრძოს ურთიერთობა. უფროსები ამას ზოგჯერ ცუდ ხასიათად აღიქვამენ.

ემოციური თვითრეგულაცია იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა ძლიერი ემოციები აღარ უნდა განიცადოს. მთავარი ისაა, რომ მან საკუთარი მდგომარეობის ამოცნობა და რეაქციის მართვა ისწავლოს.

მაგალითად, კამათის ნაცვლად შეძლოს თქვას: „ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, მოდი მოგვიანებით ვისაუბროთ.“

ამის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მშობლის მაგალითია. თუ უფროსიც კონფლიქტის დროს ამბობს: „ახლა გაღიზიანებული ვარ და საუბარი არ მინდა. ნახევარ საათში დავუბრუნდეთ ამ საკითხს“, მოზარდი ხედავს, როგორ შეიძლება ძლიერი ემოციის მართვა.

ამ უნარს სწავლაზეც დიდი გავლენა აქვს. რთული დავალება გაღიზიანებას იწვევს, ცუდი ნიშანი — იმედგაცრუებას, მასწავლებელთან კონფლიქტი — ბრაზს. თუ მოზარდს ამ ემოციებთან გამკლავება უჭირს, შეიძლება იმ საქმის თავიდან არიდება დაიწყოს, რომელიც უსიამოვნო განცდებს უჩენს.

2. „არას“ თქმა

მოზარდის „არა“ მშობლებს ხშირად სიჯიუტედ ეჩვენებათ. სინამდვილეში კი უარის თქმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური უნარია.

თანატოლების ზეწოლა, სახიფათო საქციელში ჩართვის შეთავაზება, ჯგუფისგან გარიყვის შიში — ასეთ სიტუაციებში ბავშვს საკუთარი საზღვრების დაცვა უნდა შეეძლოს.

თუ მოზარდს შეუძლია მშვიდად თქვას — „არ მინდა“, „ეს ჩემთვის მიუღებელია“, „ამას არ გავაკეთებ“ — მას საკუთარი პოზიციის დაცვა უფრო უადვილდება.

ეს უნარიც ოჯახში ვითარდება. თუ ბავშვს არასოდეს აძლევენ კამათის, წესის გაპროტესტების ან ალტერნატივის შეთავაზების უფლებას, მას კონსტრუქციული უთანხმოების გამოცდილებაც ნაკლები ექნება.

ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს ნებისმიერი ოჯახური წესის გაუქმება უნდა შეეძლოს. შეიძლება უთხრათ: „არ მოგწონს? ამიხსენი, რატომ და განვიხილოთ.“

3. უფროსებთან დამოუკიდებლად ურთიერთობა

რამდენად მზად არის მოზარდი დამოუკიდებლობისთვის, ხშირად ძალიან მარტივ სიტუაციებში ჩანს. შეუძლია თავად მისწეროს მასწავლებელს? მწვრთნელს გაკვეთილის გადატანაზე შეუთანხმდეს? საჭირო ინფორმაცია მოიძიოს ან შეკითხვა დასვას?

მშობლისთვის ხშირად გაცილებით მარტივია ამის ბავშვის ნაცვლად გაკეთება. უფროსი შეტყობინებას სწრაფად დაწერს და ტელეფონითაც უფრო თავდაჯერებულად ისაუბრებს. მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევა მოზარდისთვის დაკარგული პრაქტიკაა.

შეიძლება უთხრათ: „თუ გაკვეთილის გაცდენა გჭირდება, მასწავლებელს/მწვრთნელს თავად მისწერე. თუ გინდა, გაგზავნამდე ტექსტი მაჩვენე.“

ასე ბავშვი სწავლობს თხოვნის ჩამოყალიბებას, საუბრის შესაბამისი ტონის შერჩევას, საკუთარი სიტუაციის ახსნას და სხვისი პასუხის მიღებას. თანდათან უყალიბდება განცდაც: თუ რაღაც მჭირდება, არ უნდა დაველოდო, როდის მოაგვარებს ყველაფერს ჩემ ნაცვლად უფროსი.

4. დროის დაგეგმვა და შეთანხმებების შესრულება

სკოლა, დამატებითი წრეები, მეგობრები, საოჯახო საქმეები, საკონტროლოები და გამოცდები — მოზარდს სულ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უჩნდება. ამავე დროს, დროის სწორად განაწილების უნარი ჯერ კიდევ ვითარდება.

ამიტომ მხოლოდ თქმა — „უკვე დიდი ხარ და ყველაფერს თავად უნდა ასწრებდე“ — დაგეგმვის უნარს ვერ ჩამოუყალიბებს.

მაგალითად, თუ პარასკევისთვის პროექტი აქვს მოსამზადებელი, შეიძლება ჰკითხოთ: „როგორ აპირებ სამუშაოს გადანაწილებას?“

თუ ყველაფერი ბოლო საღამოსთვის გადადო და ვერ მოასწრო, ყოველთვის აუცილებელი არ არის მშობელმა სიტუაცია გადაარჩინოს. როდესაც შედეგი ბავშვისთვის სახიფათო არ არის, საკუთარ შეცდომასთან შეხვედრაც სწავლის ნაწილია. ასე ხვდება, რომ თუ დრო სწორად არ გადაანაწილა, ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

თანდათან მან უნდა შეძლოს სამუშაოს მოცულობის შეფასება, მისი ნაწილებად დაყოფა, ვადების განსაზღვრა და იმის კონტროლი, ასწრებს თუ არა დაგეგმილს.

5. საკუთარი თავის უკეთ გაგება

მოზარდობის ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ საკუთარი თავის ძიებას უკავშირდება: „ვინ ვარ? რა მომწონს? რა გამომდის კარგად? რას ვაკეთებ იმიტომ, რომ მე მინდა და რას - იმიტომ, რომ ამას სხვები ელიან?“

მშობლებს ხშირად სურთ, მაშინვე დაეხმარონ პროფესიის არჩევაში, ჩაატარონ ტესტები და ბავშვის მომავალი წინასწარ განსაზღვრონ. თუმცა ზოგჯერ გაცილებით სასარგებლოა უბრალოდ შეკითხვების დასმა:

„რა მოგწონს ამ საქმიანობაში?“

„რა გამოგდის ყველაზე ადვილად?“

„როგორი ამოცანების შესრულება გიყვარს?“

„რისი ცდა გინდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კარგად არ გამოგდის?“

მნიშვნელოვანია, ბავშვის ყველა პასუხი შეფასებად არ ვაქციოთ. თუ ხატვა უყვარს, აუცილებელი არ არის მაშინვე ვუთხრათ — „ამით ფულს ვერ იშოვი“. თუ მათემატიკა მოსწონს, არც ხუთ დამატებით კურსზე ჩაწერაა საჭირო. თავდაპირველად მას საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობის საშუალება სჭირდება.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა

ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა მცდელობა, რომ ეს უნარები მხოლოდ საუბრებით განვავითაროთ. რამდენიც უნდა ველაპარაკოთ მოზარდს პასუხისმგებლობაზე, დაგეგმვასა და სწორ კომუნიკაციაზე, უნარი პრაქტიკით ყალიბდება და არა ლექციით.

თუ გინდათ, დაგეგმვა ისწავლოს — საკუთარი გრაფიკის ნაწილი თავად მართოს.

თუ გინდათ, დამოუკიდებელი გახდეს — ნუ გააკეთებთ მის ნაცვლად იმას, რისი გაკეთებაც უკვე თავად შეუძლია.

თუ გინდათ, ადამიანებთან შეთანხმება ისწავლოს — მიეცით ამის შესაძლებლობა.

ამასთან, დამოუკიდებლობის სწავლება არ ნიშნავს, რომ ბავშვი მიშვებული და უყურადღებიდ დარჩება . ფრაზის - „ახლა ეს უკვე შენი პრობლემაა“ - ნაცვლად უთხარით, „ჯერ თავად სცადე. თუ დახმარება დაგჭირდება, შენ გვერდით ვარ.“

საბოლოოდ, ეს ხუთივე უნარი სწავლაზეც პირდაპირ აისახება: თვითრეგულაცია სირთულეების გადალახვაში ეხმარება, საკუთარი პოზიციის დაცვა - თანატოლების ზეწოლასთან გამკლავებაში, კომუნიკაცია - მასწავლებლებთან ურთიერთობაში, დაგეგმვა - სასწავლო დატვირთვის განაწილებაში, საკუთარი თავის ცოდნა კი - მისთვის ეფექტური სწავლის მეთოდების შერჩევაში.

დეპრესიის ნიშნები ბავშვებში - ის მხოლოდ უფროსების და მოზარდების პრობლემა არაა
ავარიის დროს დაშავებული 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა - დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი
თანაკლასელები მოზარდს გონებას აკარგვინებენ და მერე იცინიან... - სახიფათო თამაში, რომლის დროსაც მოზარდები სერიოზულ დაზიანებებს იღებენ
როცა ბავშვი ჩაკეტილია, გაუბედავი, უჭირს ურთიერთობა, გაკვეთილის მოყოლა, მუდმივად ეშინია შერცხვენის, სხვასთან საუბრის... - ფსიქოთერაპევტი სოციალურ შფოთვით აშლილობებზე მოზარდებში და პრობლემის მოგვარების გზებზე