ჟურნალისტი, natia talks-ის ავტორი და წამყვანი ნათია გვაზავა დიუშენის სინდრომის მქონე ბექა შონიას ესტუმრა, რომელიც ბოლო პერიოდში მთელმა საქართველომ გაიცნო. ბექა ერთ ოთახში ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად და 5 წელია, გარეთ არ ყოფილა. სულ ცოტა ხნის წინ, საქველმოქმედო მარათონის დროს შეგროვებული ფულით გენერატორი უყიდეს, რადგან მის კორპუსში (სადაც დევნილები ცხოვრობენ და ლიფტიც არ არის), ხშირად ქრება დენი და ბექას აპარატისთვის მუდმივი ელექტროენერგია სჭირდება. ნათიასთან საუბრისას ბექამ დედაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია.
- ჩემთვის მთავარია, ის პატარა დუშენის პაციენტები იყვნენ კარგად, თორემ მე შეიძლება ხვალ ვერ გავიღვიძო... ყველამ ზურგი შემაქცია... დედაჩემი, რომ არ იყოს... დედაჩემი, რომ არ იყოს, ამდენს ვერ გამოვივლიდი. დედაჩემიც სოხუმელია და მეც. იმედი მაქვს დავბრუნდებით მალე... დედაჩემის ოცნებაა, რომ ნახოს ისევ აფხაზეთი, სადაც იყო და რომ გაიზარდა... მაგრამ ის სახლი აღარ არის...
დედაჩემი, რომ არ იყოს... ამდენს ვერ გამოვივლიდი. და ვერ ვიქნებოდი ასეთი ძლიერი. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დედა მყავს.
მე რომ ვერ გავდივარ, დედაჩემიც არ გადიოდა გარეთ, მერე დავაძალე, ცოტა ხნით გასულიყო, ერთი 20 წუთით მაინც.
რომ შემეძლოს, ყველაფერს ვიზამდი, რომ დედაჩემი ბედნიერი ყოფილიყო... კარგად ვაცხოვრებდი...